პრემიერა ქართულ კინოთეატრებში - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმის ჩვენება „და ჩვენ ვიცეკვეთ" დღეს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში საღამოს რვის ნახევარზე გაიმართება. რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამის ჩვენება და რამდენად იქნება პრემიერაზე მისული მაყურებლის უსაფრთხოება დაცული, ეს უცნობია. ფილმზე ყველა ბილეთი გაყიდულია.
კინოთეტრში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. კინოთეატრის წარმომადგენლები პირებს, რომლებიც ფილმზე დასწრებას აპირებენ თხოვენ, რომ კინოსეანსზე ცოტა ხნით ადრე მივიდნენ, რათა მათი დარბაზში შეყვანა კომფორტულად მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, ის მომხრეებთან ერთად არ დაუშვებს ფილმის ჩვენებას და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის კორდონსაც გაწევენ გვერდით და დაიკავებენ კინოდარბაზს. ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის ფილმის ჩვენება მიუღებელია.
ამავდროულად განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას. კინოთეატრში ფილმის წინა სეანსი, უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს. ფილმის მიმდინარეობისას არსებული ვითარების მონიტორინგს გეგმავს „თბილისი პრაიდიც."